ხუთდღიანი გალაქტიკო თბილისში - „რეალმა“ თბილისში კემპი დაგეგმა
ხუთდღიანი გალაქტიკო თბილისში - „რეალმა“ თბილისში კემპი დაგეგმა

მადრიდის „რეალი“ თბილისში საზაფხულო კემპს მოაწყობს. ინფორმაციას საზაფხულო სკოლის ქართველი ორგანიზატორების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

კემპი ესპანელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე ჩატარდება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს.

5-დან 16 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი მოზარდი, ხუთი დღის განმავლობაში, თეორიულ და პრაქტიკულ ვარჯიშებს მადრიდის „რეალის“ აკადემიის მწვრთნელების ხელმძღვანელობით გაივლიან. სამეფო კლუბის სტაფს თბილისში ხესუს ონრუბია გონსალესი და რუბენ გარსია როდრიგესი წარმოადგენენ.

ამას გარდა, მადრიდის „რეალის“ აკადემიის მწვრთნელები სამწვრთნელო სემინარსაც ჩაატარებენ. მონაწილეთა რაოდენობა ლიმიტირებულია და სემინარს მხოლოდ 30 მსურველი დაესწრება.