ამერიკის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა ხუან მარტინ დელ პოტრომ განაცხადა, რომ ისევ აპირებს წარმოადგინოს არგენტინა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ჩოგბურთელს ტრავის მიუხედავად, 2021 წელს ტოკიოში გამოსვლა აქვს განზრახული.
„სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი მჭირდება კორტზე დასაბრუნებლად. ჩემთვის ეს ძალიან რთული გახდა, მაგრამ დანებებისთვის მზად არ ვარ. უარს ვამბობ კარიერის დასრულებაზე და მინდა მონაწილეობა მივიღო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში.
თამაშის სურვილი არსად გამქრალა. მაჯაზე რამდენიმე ტრავმის შემდეგ, დარტყმის სტილი შევცვალე, მაგრამ არ შემიძლია მოძრაობის შეცვლა იმისთვის, რომ ჩემს მუხლებს დავეხმარო. ტოკიოს ოლიმპიური თამაშები პანდემიის გამო, ერთი წლით გადაიტანეს და ამან დამატებითი ძალები მომცა დაბრუნებაზე სამუშაოდ“, – თქვა არგენტინელმა.
დელ პოტრო 2019 წლის ივნისიდან არ თამაშობს ოფიციალურ ტურნირებში, რისი მიზეზიც მარჯვენა მუხლზე გადატანილი მესამე ოპერაცია იყო. არგენტინელი 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან ბრიტანელ ენდი მარეისთან წააგო.