ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი
ხორვატიამ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწია, საქართველო ჯერ არ არის წევრი, მაგრამ ჩვენ აქ ვართ, რომ გულწრფელად დაგეხმაროთ რითაც შეგვიძლია და დავაჩქაროთ თქვენი მიღების პროცესი ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ჰაიდუკოვიჩიმ განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი უკრაინის და მოლდოვის მსგავსად.
„ერთი შეხედვით, შესაძლოა არ ჩანდეს, მაგრამ ხორვატია და საქართველო ერთმანეთს ჰგვანან; გვაქვს სოციალისტური წარსული, ვართ გარდამავალი ეტაპის ქვეყნები, ორივეს გვქონდა ომები და რთული მეზობლები. ხორვატიამ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწია, საქართველო ჯერ არ არის წევრი, მაგრამ ჩვენ აქ ვართ, რომ გულწრფელად დაგეხმაროთ რითაც შეგვიძლია და დავაჩქაროთ თქვენი მიღების პროცესი ევროკავშირში. მე პირადად ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი უკრაინის და მოლდოვის მსგავსად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც თქვენ აკეთებთ საშინაო დავალებას, როდესაც ახორციელებთ აუცილებელ რეფორმებს, ეს სტატუსი მოგეცემათ. ამ თვალსაზრისით, ხორვატიის პარლამენტის და კომიტეტის სახით, თქვენ გყავთ ღია მხარდამჭერი, რომელიც ყოველთვის ხაზს გაუსვამს, თუ როგორ არ უნდა დარჩეს საქართველო მიღმა და თუ როგორ არ იმსახურებს საქართველო იყოს გამოტოვებული. ევროპული პროექტი არ არის დასრულებული, ვიდრე ყველა ქვეყანა, რომელიც იზიარებს ჩვენ ღირებულებებს და სურს, იყოს ჩვენი კავშირის წევრი, არ გაწევრიანდება ევროკაშირში.
კომენტარს არ გავაკეთებ შიდა პროცესებზე. მე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ თქვენ არ უნდა დაკარგოთ იმპულსი და რწმენა, არ უნდა იყოთ იმედგაცრუებული, რადგან ბევრი რეფორმა შეიძლება, მტკივნეულად ჩანდეს და მოკლევადიან პერსპექტივაში მართლაც ასეა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, თქვენ შეგიძლიათ, ამისგან სარგებელი მიიღოთ. მე შემიძლია, ხორვატიის მაგალითებიც კი მოგიყვანოთ“, – განაცხადა ხორვატმა დეპუტატმა.
ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.