ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს.

ამის შესახებ პირველ არხს ადვოკატმა ანა შეშელაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახმა ადვოკატი შეცვალა.

„დაკავებულის ოჯახმა ადვოკატი შეცვალა. დავუკავშირდი გამომძიებელს, რომელმაც მითხრა, რომ უკვე სხვა, შეთანხმებით მოწვეული ადვოკატი ჩაერთო საქმეში და მასთან ერთად წავუყენეთ ბრალიო“,- განაცხადა ადვოკატმა.

დაკავებული მოზარდის გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ ბრალდების მხარეს წარმოადგენს პროკურორი ინა გუგუშვილი, რომელიც პირველ არხთან აცხადებს, რომ ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

​მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.