ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პროკურატურა სასამართლოს დღის ბოლომდე მიმართავს 
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პროკურატურა სასამართლოს დღის ბოლომდე მიმართავს 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ ბრალდების მხარეს წარმოადგენს პროკურორი ინა გუგუშვილი, რომელიც პირველ არხთან აცხადებს, რომ ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

„გამოძიება ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს და აღკვეთის შესახებ განაცხადს სავარაუდოდ დღის ბოლოს შევიტანთ“,- განუცხადა პირველ არხს პროკურორმა.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს.

ამ დროისთვის, დაკავებულ გ.ბ.- ს, პროკურორის ინფორმაციით, სახაზინო ადვოკატი ანა შიშილაშვილი იცავს, თუმცა შესაძლებელია ოჯახმა კერძო ადვოკატიც აიყვანოს.

არასრულწლოვანის საქმეზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

პირველი არხის ინფორმაციით, თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ძებნილი პირები თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან.