ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი განახლდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიცემულ ახსნა-განმარტებებს წარმოადგენს. საუბარია პროკურორ ზვიად ფხაკაძისა და ინა გუგუშვილის ახსნა-განმარტებებზე, რომელიც მათ საპარლამენტო კომისიას ზაფხულში მისცეს. მკვლელობის საქმის განხილვისას საქალაქო სასამართლოში სწორედ ზვიად ფხაკაძე და ინა გუგუშვილი იყვნენ საქმის ზედამხედველი პროკურორები და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებას წარმოადგენდნენ. გამოტანილი განაჩენის შემდეგ, სასამართლოს მეორე ინსტანციაში საქმეზე სხდომებზე უკვე სხვა პროკურორები არიან წარმოდგენილნი. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე პროკურატურამ დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო, დაცვის მხარეს მაინც აქვს უფლება, სასამართლოში საკუთარი მტკიცებულებები წარადგინოს, მოახდინოს მათი დემონსტრირება და არა გამოკვლევა.
„მოხდება ჩვენი მტკიცებულებების დემონსტრირება, რათა დავადგინოთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა. გაგრძელდება საპარლამენტო კომისიის ჩვენებების ჩვენება. მე პროცესუალურად მაქვს ამის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ამ მტკიცებულებებს აღარ ვიკვლევთ“, – აცხადებს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი.
დ.ღ. შარშან, ზაფხულში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ის შეხვდა დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და მასთან საუბარი ჰქონდა მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა შემდგომ სასამართლოში ამის შესახებ არ უსაუბრია. დ.ღ. თავს უდანაშაულოდ ცნობს. თითქმის ექვსი თვის განმავლობაში ის პატიმრობაში იყო, თუმცა რამდენიმე კვირის წინ გირაოთი გამოუშვეს.