ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მძიმე ტექნიკის სტიქიის ადგილამდე მიყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება [ვიდეო]

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მძიმე ტექნიკით სამაშველო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ადგილზე გამოჩნდა ტექნიკის ნაწილი.

სტიქიის ადგილზე მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია, ამიტომ ტექნიკის მიყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ადგილზე იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ჯგუფები. მიმდინარეობს ადგილის დათვალიერება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ ხუთი ადამიანია მოყოლილი.