ხელვაჩაურში აფეთქებისას დაშავებული სამი პირიდან ამ დროისთვის კლინიკაში ორი რჩება
ხელვაჩაურში აფეთქებისას დაშავებული სამი პირიდან ამ დროისთვის კლინიკაში ორი რჩება

ხელვაჩაურში გუშინ გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან დროისთვის კლინკაში რჩება ოჯახის დიასახლისი და ერთი თურქეთი მოქალაქე, რომელიც დაზარალებული სურმანიძეების ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. იგი კლინიკა „ბიემსიში“ იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ პაციენტი ტრავმული შოკით და დამწვრობით შეიყვანეს და მას სავარაუდოდ დამწვრობის ცენტრში მალე გადაიყვანენ.

რაც შეეხება ოჯახის დიასახლისს, როგორც მეზობლები ამბობენ, მას დამწვრობასთან ერთად ფეხის მოტეხილობა აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებულთა შორის იყო ერთი მეხანძრე-მაშველიც. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, მან კლინიკა უკვე დატოვა.

დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მსუბუქი იყო. მას ექიმების დახმარება არ დასჭირვებია.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები ისევ მუშაობენ. აფეთქება ხელვაჩაურში გუშინ გვიან ღამით გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ორსართულიანი კერძო სახლის მეორე სართულზე სამზარეულოში მოხდა. აფეთქების შედეგად სახლის ორი კედელი ჩამოიშალა. მეზობლების ვარაუდით ბუნებრივმა აირმა გაზქურიდან გაჟონა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.