ხელიდან გაშვებული მოგება - 17-წლამდელთა ნაკრები ისლანდიას დაუზავდა #1TVSPORT
ხელიდან გაშვებული მოგება - 17-წლამდელთა ნაკრები ისლანდიას დაუზავდა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, უნგრეთში დაწყებულ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის მე-4 საკვალიფიკაციო ჯგუფის პირველი მატჩი ფრედ დაასრულა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი ისლანდიელ თანატოლებს შეხვდა. საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნა 32-ე წუთზე შეეძლო, როდესაც მეტოქის კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ გიორგი ტაბატაძის დარტყმული ბურთი ისლანდიელთა მეკარემ მოიგერია.

ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარის აღება მაინც მოახერხა. 41-ე წუთზე ლუკა პარკაძის გადაცემით თენგო ალიბეგაშვილმა გაიტანა და შესვენებაზე ჩიტაურის გუნდი უპირატესობით გავიდა.

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ 3 ქულა ბოლოსკენ დაკარგა. 81-ე წუთზე ისლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა დანიელ გუდიონსენმა ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელმა უნგრეთმა ესტონეთი 3:0 დაამარცხა და 3 ქულით გალიდერდა. 25 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო ისლანდია ესტონეთს შეხვდება.

დარჩენილი მატჩების განრიგი

19:00/25 ოქტომბერი – უნგრეთი V საქართველო

19:00/28 ოქტომბერი – ესტონეთი V საქართველო