ხელბურთის ნაკრებს ნიკოლა მაქსიმოვიჩი უხელმძღვანელებს - მოთამაშეებთან ურთიერთობა იოლად დავამყარე
18:07, 05.06.2019
ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ნიკოლა მაქსიმოვიჩმა პრესკონფერენცია გამართა. უახლოეს ტურნირზე, ევრო 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, IHF ერთა ჩემპიონატზე, რომელიც 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება, საქართველოს ხელბურთის ნაკრებს სწორედ ცნობილი სერბი სპეციალისტი უხელმძღვანელებს.
სერბი სპეციალისტი თბილისში 2 ივნისს ჩამოვიდა, საქართველოს ნაკრებს კი 3 ივნისიდან ავარჯიშებს. ის უკვე გაეცნო როგორც მომავალი მეტოქეების, ასევე საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებს. მედიასთან მაქსიმოვიჩი ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ წარადგინა, მასთან ერთად კი შეხვედრაზე ნაკრების გამოცდილმა მეკარემ, შოთა თევზაძემ ილაპარაკა.
ზურაბ კაკაბაძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „ჩვენთვის IHF ერთა ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგის მიღწევას დიდი მნიშვნელობა აქვს და ერთგვარ ზღვარზე ვართ. შედეგის გარეშე აღიარება და თანადგომა არ იქნება. ახლა კი ქართულ ხელბურთს შედეგი აუცილებლად სჭირდება, ხალხი რომ დაინტერესდეს და გვიქომაგოს“.
ნიკოლა მაქსიმოვიჩი, საქართველოს ხელბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „სამი დღეა, რაც ნაკრებს ვავარჯიშებ და მოთამაშეებთან ურთიერთობა იოლად დავამყარე. საქმისადმი მათი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. გუნდის წევრებს ასე თუ ისე ვიცნობდი და გუნდის შესაძლებლობებზე წარმოდგენა მაქვს, რადგან ბევრი ლეგიონერია. IHF ერთა ჩემპიონატი სამ დღეში იწყება და მანამდე სათამაშო სქემები უნდა შევათამაშოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირველი მატჩია ნიგერიასთან. ვისურვებდი, რომ შეხვედრაზე ბევრი მაყურებელი მოვიდეს. დარწმუნებული ვარ, მათგან დიდი მუხტი წამოვა და ეს გუნდს გადაეცემა. მათი მხარდაჭერა მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება – მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევ რაუნდში გასვლას, რაც ქართული ხელბურთის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
სერბმა სპეციალისტმა საქართველოს შანსზე ილაპარაკა: „ტურნირისთვის მოსამზადებლად დრო ცოტაა, მაგრამ საფუძვლიანი ინფორმაცია შევაგროვე მოწინააღმდეგე გუნდებზე და საქართველოს ნაკრების ხელბურთელების მატჩებსაც კარგად გავეცანი. შესაბამისად, ჩვენი გუნდი კარგად იქნება ინფორმირებული მეტოქეებზე და თავიდანვე მკაფიოდ ჩამოვუყალიბებ ჩემს მოთხოვნებს და სათამაშო იდეებს, რათა ხუთდღიანმა მოსამზადებელმა პროცესმა რაც შეიძლება ნაყოფიერად ჩაიაროს“.
შოთა თევზაძე: „19 წელია, რაც საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ და კარგად ვაცნობიერებ, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებისთვის რამდენად საპასუხისმგებლოა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა. პირველი შეხვედრა ნიგერიასთან მართლაც მნიშვნელოვანია. ნიგერიელები ტექნიკურები არ არიან, მაგრამ ძალიან ბევრს მოძრაობენ, საოცრად მებრძოლი, ათლეტური გუნდია და დასამალი არაა, ცოტა ვნერვიულობ. მაგრამ გამარჯვების იმედი ყველას გვაქვს და საამისოდ ბოლომდე ვიბრძოლებთ“.
საქართველოს ხელბურთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი 40 წლისაა. ნიკოლა მაქსიმოვიჩმა ხელბურთელის კარიერის დიდი ნაწილი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში” გაატარა, მწვრთნელობა კი ასაკობრივი გუნდებიდან დაიწყო. მუშაობდა სერბეთის 18 და 20-წლამდელთა და ისრაელის 16-წლამდელთა ნაკრებებში. 2009 წელს ახალი კლუბი „ნოვი ბელგრადი” დააფუძნა, რომელმაც წარმატებით გაიარა გზა სერბეთის პირველ ლიგამდე. 2014 წლიდან მაქსიმოვიჩი თელ-ავივის „მაკაბიში” მუშაობს – ჯერ ცნობილ სპეციალისტ დრაგან ჯუკიჩის ასისტენტად და ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელად, შემდეგ – მამაკაცთა გუნდის მთავარ მწვრთნელად. ბოლო 4 სეზონში კლუბმა ერთხელ მოიპოვა ისრაელის ჩემპიონობა და კიდევ ორჯერ ითამაშა ფინალში.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბულგარეთი, ირლანდია, აშშ, მალტა და ნიგერია არიან. მეორე ჯგუფში კი მოხვდნენ ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია და ინდოეთი. ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ნახევარფინალებში გააგრძელებს, დანარჩენები მე-5-8 და მე-9-12 ადგილებისთვის ითამაშებენ. გამარჯვებულის ვინაობის გარდა, ჩენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საკითხიც: ტურნირის მონაწილე 6 ევროპული გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის, პლეიოფის საგზურს.
ხელბურთი. IHF ერთა ჩემპიონატი / ევრო 2022 შესარჩევი
8-16 ივნისი, 2019 – თბილისის სპორტის სასახლე
A ჯგუფი: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი
B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია
ჯგუფური ეტაპი: 8, 9, 10, 12, 13 ივნისი.
8 ივნისი: საქართველო – ნიგერია, 9 ივნისი: საქართველო – მალტა,
10 ივნისი: საქართველო – ირლანდია, 12 ივნისი: საქართველო – აშშ,
13 ივნისი: საქართველო – ბულგარეთი
2-2 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას 1-4, 5-8 და 9-12 ადგილებისთვის
ნახევარფინალი: 15 ივნისი, ფინალი: 16 ივნისი
საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022-ის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს. პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები მთავარ შესარჩევ რაუნდში ითამაშებენ.