ხელბარგზე გადასახადის შემოღების გამო, იტალიაში „ვიზეარი“ და „რაიანეარი“ დააჯარიმეს
ხელბარგზე გადასახადის შემოღების გამო, იტალიაში  „ვიზეარი“ და „რაიანეარი“  დააჯარიმეს

იტალიის კონკურენციის სამმართველომ ავიაკომპანია „ვიზეარი“ ერთი მილიონი ევროთი დააჯარიმა, „რაიანეარი“ კი, სამი მილიონით.

ავიაკომპანიებს ჯარიმა ხელბარგის ტრანსპორტირების ახალი წესების შემოღების გამო დაეკისრათ. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

იტალიის კონკურენციის სამმართველოს განცხადებით, ავიაკომპანიები მგზავრებს დამატებით, ხელბარგის ტრანსპორტირებისთვის 5-დან 25 ევრომდე ახდევინებდნენ .

„ხელბარგი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების მნიშვნელოვანი ელემენტია და მისი ტრანსპორტირება დამატებითი ხარჯების გარეშე უნდა იყოს შესაძლებელი“, – ნათქვამია იტალიის კონკურენციის სამმართველოს განცხადებაში.

იტალიელმა მარეგულირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ ხელბარგის ტრანსპორტირების ახალი წესები, რომლებიც 2018 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა, არასწორი სავაჭრო პრაქტიკაა, რადგან მგზავრებს ბილეთის ფასთან დაკავშირებით არასწორ წარმოდგენას უქმნის.