ხათუნა ზახაშვილი - მარნეულში ექიმებს თვითიზოლაციის საჭიროება არ აქვთ, დაცულ კონტაქტში იყვნენ პაციენტთან
ხათუნა ზახაშვილი - მარნეულში ექიმებს თვითიზოლაციის საჭიროება არ აქვთ, დაცულ კონტაქტში იყვნენ პაციენტთან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა მარნეულის სამედიცინო ცენტრი დატოვა. ის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევასთან დაკავშირებით იყო ჩასული.

„ეპიდემიოლოგები ხანგრძლივად იმუშავებენ. კონტაქტების საკმაოდ დიდი სიაა. მიმდინარეობს შესწავლა. ეს სია დაზუსტდება. დადგინდება კონტაქტის სახეობები. რამდენად მჭიდრო კონტაქტი იყო, რამდენად საჭიროებენ ეს ადამიანები შემდგომ მეთვალყურეობას. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ მომენტისათვის, ძალიან ახლო ოჯახის წევრები არიან თვითიზოლაციაში. დანარჩენი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

ექიმებს ჯერჯერობით თვითიზოლაციის საჭიროება არ აქვთ. ისინი დაცულ კონტაქტში იყვნენ თავის პაციენტთან“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ინფიცირების წყაროს რაც შეეხება, ზახაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ შემოტანილი შემთხვევიდან გადადებულია და მეორედი გადაცემაა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ ადამიანი, რომელმაც შემოიტანა ინფექცია, ისევ საქართველოშია.

„მას დღეს აუღეს ნიმუში და პასუხი იქნება“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ის თბილისში გადმოჰყავთ.

დღეს გახდა ცნობილი, რომ შუახნის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდან იყო. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს.