ხათუნა თოთლაძე - სოციალურ მედიაში მიზანმიმართულად ვრცელდება მუქარის შემცველი გზავნილები ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს მისამართით
ხათუნა თოთლაძე - სოციალურ მედიაში მიზანმიმართულად ვრცელდება მუქარის შემცველი გზავნილები ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს მისამართით

სოციალურ მედიაში სისტემატურად, მიზანმიმართულად ვრცელდება შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი გზავნილები ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო დაწესებულების მისამართით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ეწევა საკონსულოს თანამშრომელთა დისკრედიტაციას.

„განცხადებებსა და კომენტარებში, რომელსაც ისინი ავრცელებენ სოციალურ ქსელში, მიზანმიმართულად ცრუობენ და აცხადებენ, რომ მათ თითქოს საკონსულო მომსახურებაზე უარი უთხრეს.

მსგავსი სახის აქტივობაში ჩართული ერთ-ერთი ქალბატონი ასევე დაუკავშირდა მედიასაშუალებებს და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მის მიერ დარეგისტრირებულ ასობით  ადამიანს (რაც თავის მხრივ საეჭვო და დამაფიქრებელი მონაცემია) არ მიუვიდა რეგისტრაციაზე დადგომის შეტყობინება. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მსგავს შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.

მსგავსი ფაქტების სიმრავლის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, ცალკეულ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებს, მედიას თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაციების გავრცელებისგან, არ იქცნენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების იარაღად და მსგავსი ნაბიჯებით გაუცნობიერებლად ხელს ნუ უწყობენ არაჯანსაღი საარჩევნო კლიმატის დამკვიდრებას.

ჩვენი მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით სწავლობს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც მედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ უშუალოდ მოქალაქეების მხრიდან პირდაპირი კომუნიკაციის გზით ვრცელდება საკონსულო მომსახურების ან საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საკონსულო აღრიცხვაზე დადგა 4000-მდე საქართველოს მოქალაქე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროცესი, საერთო ჯამში, მიმდინარეობს ხარვეზების გარეშე და ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული დეზინფორმაციული ქმედებები, ატარებს მიზანმიმართული კამპანიის ხასიათს“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცალკეული პირები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ხელოვნურად ეზღუდებათ.