ხათუნა სამნიძე - სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე პარტნიორების განცხადებები ნიშნავს, რომ ეს პირდაპირ ეხება ქვეყნის იმიჯს, სააკაშვილის გადაყვანა გააქრობს პოლარიზაციას ამ საკითხთან დაკავშირებით
ხათუნა სამნიძე - სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე პარტნიორების განცხადებები ნიშნავს, რომ ეს პირდაპირ ეხება ქვეყნის იმიჯს, სააკაშვილის გადაყვანა გააქრობს პოლარიზაციას ამ საკითხთან დაკავშირებით

ხელისუფლება თუ დათანხმდება, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებისთვის სხვა ქვეყანაში იქნას გადაყვანილი, ეს გააქრობს პოლარიზებას ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ხათუნა სამნიძეს კითხვა დაუსვეს ევროდეპუტატების განცხადებაზე, რომლითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

სამნიძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას იყენებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს.

„არც ოპოზიციურ სპექტრში და არც საერთაშორისო დონეზე არავინ არის, ვინც ჰუმანიტარული მიზნებით სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანას არ ეთანხმება. ამიტომ, ბუნებრივია, მიმართვებიც, წერილებიც, თხოვნებიც იქნება, რათა პატიმრობაში, ასეთ რთულ ვითარებაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი ჰუმანიტარული მიზნით სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ასეთი განცხადება, თხოვნა ნიშნავს, რომ ეს პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის იმიჯს, ქვეყანაში პოლარიზაციის საკითხს. ხელისუფლება თუ დათანხმდება, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით სხვა ქვეყანაში იქნას გადაყვანილი, ეს გააქრობს პოლარიზებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხათუნა სამნიძე.

ამასთან, ხათუნა სამნიძის შეფასებით, სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხებზე უკრაინის რადას მიერ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე დადგენილების პროექტის მომზადება საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობის გაგრძელებაა.

მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, შეწყალებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიირებს სალომე ზურაბიშვილი.

„ეს არის გაგრძელება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში იყოს გადაყვანილი. ჩვეულებრივი პროცესია, როცა ჩვენი მეგობრები ცდილობენ, რომ ქვეყანაში ეს საკითხი მოგვარდეს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მე არ მაქვს ინფორმაცია და არც ის მგონია სწორი, მოვუწოდოთ. ეს იქნება მისი ექსკლუზიური გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.