სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე უკრაინის რადამ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე დადგენილების პროექტი მოამზადა
სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე უკრაინის რადამ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე დადგენილების პროექტი მოამზადა

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი მიმართვის შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა.

რადას დადგენილებაში წერია, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების ისეთი დონის უფლება, რომელიც მოიცავს საკვებს, ტანსაცმელს, თავშესაფარს, სამედიცინო დახმარებას და აუცილებელ სოციალურ მომსახურებას, რომელიც აუცილებელია მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

რადას მიმართვის ტექსტის მიხედვით, საერთაშორისო პარტნიორებისა და ინსტიტუტების შესაბამისი მიმართვების გათვალისწინებით, საქართველოს მიერ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების დეკლარირებული კურსის გათვალისწინებით, უკრაინელი და ქართველი ხალხების ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლის ისტორიის გათვალისწინებით, უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პარლამენტს, დაეხმარონ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დმიტრო ლუბინეცს უკრაინის მოქალაქე მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილთან წვდომის მოპოვებაში;

რადა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეწყალების ჰუმანიტარული აქტის ან უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის ხელშეწყობის თხოვნით;

ასევე, უკრაინის რადა მიმართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, გაერო-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ბისეკ-ის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეას მოწოდებით, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ჰუმანიტარული აქტის განხორციელების აუცილებლობის შესახებ ან საქართველოს მთავრობის მიერ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გაგზავნის შესახებ.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უმაღლესი რადა ადგენს: „დამტკიცდეს უკრაინის უმაღლესი რადას მიმართვა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის (2004-2013), უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობაზე; უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დაევალოს, უზრუნველყოს ტექსტის დაუყოვნებლად გაგზავნა საქართველოს პრეზიდენტისთვის“. კანონპროექტის ინიციატორი უკრაინის რადას 87 დეპუტატია.