ხათუნა სამნიძე - პარტნიორების კრიტიკული განცხადებები არის კიდევ ერთი მცდელობა, გამოაფხიზლოს ხელისუფლება, რათა ამ ქვეყნის კურსი არ შეცვალოს
ხათუნა სამნიძე - პარტნიორების კრიტიკული განცხადებები არის კიდევ ერთი მცდელობა, გამოაფხიზლოს ხელისუფლება, რათა ამ ქვეყნის კურსი არ შეცვალოს

ჩვენი პარტნიორების კრიტიკული განცხადებები კიდევ ერთხელ არის მცდელობა, გამოაფხიზლოს ხელისუფლება, რათა ამ ქვეყნის კურსი არ შეცვალოს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს გაერთიანებას ევროპულ ოჯახში.

„„ქართული ოცნება“ იმდენად არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს, უკვე დემონსტრაციულად, სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ნაბიჯებით ევროპის მიმართ იმდენად ზურგის შექცევის პროცესშია, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი გააქტიურდა და ძალიან მკაცრ განცხადებებს, ნაბიჯებს დგამს, რათა ეს ქვეყანა შემოატრიალოს, გადაარჩინოს. ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ ამ ქვეყნის გაერთიანებას ევროპულ ოჯახში და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში. მათი მკაცრი და კრიტიკული განცხადებები კიდევ ერთხელ არის მცდელობა, გამოაფხიზლოს ხელისუფლება, რათა ამ ქვეყნის კურსი არ შეცვალოს და „ქართულმა ოცნებამ“ ამის გაკეთება ვერ გაბედოს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, შვედეთის ელჩთან ერთად, გუშინ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა.