ხათუნა სამნიძე - პაპუაშვილის განცხადება, რომ ვინმე ვინმეზე ზეგავლენას ახდენს, შეურაცხმყოფელია, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტიის წარმომადგენლები და თავად ვწყვეტთ, როდის, რა ფორმით ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფებში
ხათუნა სამნიძე - პაპუაშვილის განცხადება, რომ ვინმე ვინმეზე ზეგავლენას ახდენს, შეურაცხმყოფელია, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტიის წარმომადგენლები და თავად ვწყვეტთ, როდის, რა ფორმით ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფებში

როგორც ჩანს, შალვა პაპუაშვილს არ აქვს ინფორმაცია ან საზოგადოება განზრახ შეჰყავს შეცდომაში, რადგან სამუშაო ჯგუფების მონაწილე აქამდეც არ ვყოფილვარ, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის განმარტებით, ვიდრე „ქართული ოცნება“ მკაფიოდ არ განსაზღვრავს პროცედურას, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, როგორი იქნება ოპოზიციისა და არასამთავროვრობო ორგანიზაციების როლი სამუშაო ჯგუფებში, ვერ ხედავს შესაძლებლობას, ამ პროცესის ნაწილი იყოს.

„სპიკერის მხრიდან ამ ტიპის განცხადება, რომ ვინმე ვინმეზე ზეგავლენას ახდენს, არის შეურაცხმყოფელი. როგორც ვიცი, ასე ხდება „ქართული ოცნების“ შიგნით და როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ სხვაგანაც ასე მიიღება გადაწყვეტილებები. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტიის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფებსა და ფრაქციებში და თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას, როდის და რა ფორმით ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფებში. სამწუხაროა, რომ ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს 12 პუნქტის შესრულებაზე, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ მისი პოლიტიკით შექმნა, რომელიც არ ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციური პარტიების სრულფასოვან ჩართვას“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ხათუნა სამნიძეს მნიშვნელოვნად მიაჩნდა საპარლამენტო ფორმატებში მუშაობა, ახლა კი ამბობს, რომ ამ ფორმატებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. „მნიშვნელოვანია, ღიად შეფასდეს ის პროცესი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია – „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეწევიან რადიკალური დღის წესრიგით. ეს იწვევს იმას, რომ დიდი ალბათობით ადამიანებზე ხდება ზეწოლა. მესმის, ხათუნა სამნიძეს რთული მდგომარეობა აქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.