შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ღიად შეფასდეს პროცესი, რასაც „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეწევიან, დიდი ალბათობით, ხდება ზეწოლა, მესმის, სამნიძეს რთული მდგომარეობა აქვს
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ღიად შეფასდეს პროცესი, რასაც „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეწევიან, დიდი ალბათობით, ხდება ზეწოლა, მესმის, სამნიძეს რთული მდგომარეობა აქვს

მნიშვნელოვანია, ღიად შეფასდეს ის პროცესი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია – „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეწევიან რადიკალური დღის წესრიგით. ეს იწვევს იმას, რომ დიდი ალბათობით ადამიანებზე ხდება ზეწოლა. მესმის, ხათუნა სამნიძეს რთული მდგომარეობა აქვს, როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ხათუნა სამნიძეს მნიშვნელოვნად მიაჩნდა საპარლამენტო ფორმატებში მუშაობა, ახლა კი ამბობს, რომ ამ ფორმატებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

„ხათუნა სამნიძე საჯაროდ ამბობდა, რომ მის პოლიტიკურ ჯგუფში არსებული უთანხმოების მიუხედავად, მიიჩნევდა, რომ მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ფორმატებში იყოს მუშაობა და არ იყოს პარლამენტის ბოიკოტი. მან ხაზი გაუსვა, რომ პროცესში მონაწილეობდა როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და არა გიორგი ვაშაძის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ამ ფორმატებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. ეს სამწუხარო ფაქტი აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია, ღიად შეფასდეს ის პროცესი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია – „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეწევიან რადიკალური დღის წესრიგით. ეს იწვევს იმას, რომ დიდი ალბათობით ადამიანებზე ხდება ზეწოლა. მესმის, რომ ხათუნა სამნიძეს რთული მდგომარეობა აქვს. იმ პოლიტიკურ ჯგუფშიც, რომელშიც იმყოფება, სამწუხაროდ, ისეთი სიტუაცია არის, რომ გამორჩეულია თავისი რადიკალიზმით, როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი არ არის, რომ ამას აყვეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.