ხათუნა სამნიძე - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სერიოზული გამოწვევებია, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, იყვნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს
ხათუნა სამნიძე - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სერიოზული გამოწვევებია, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, იყვნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

დავით ბერძენიშვილს ასე არ უთქვამს. დავით ბერძენიშვილია „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით. მე, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ამ შესაძლებლობების ფარგლებში, სადაც ახლა აღმოვჩნდით, ჩვენი ქვეყანა, ხალხი იმსახურებს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სამნიძეს კითხვა დაუსვეს: „როგორ შეაფასებთ დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“.

როგორც ხათუნა სამნიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის სერიოზული გამოწვევები, პრობლემები, ქართველი ხალხი ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას იმსახურებს.

„იმედი გვაქვს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის სერიოზული გამოწვევები, პრობლემები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყანას ჰყავს ძალიან ცუდი ხელისუფალი, რომელიც არც ერთ ნაბიჯს არ დგამს რეფორმების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, იყვნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ბერძენიშვილმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა: „ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროსაც, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა“.