ხათუნა სამნიძე - დაბრუნებაზე სააკაშვილის განცხადება თავისი ამომრჩევლის მობილიზებისკენ არის მიმართული, მაგრამ ასევე შექმნის ვითარებას „ქართული ოცნების“ მომხრეების მობილიზებისთვის
ხათუნა სამნიძე - დაბრუნებაზე სააკაშვილის განცხადება თავისი ამომრჩევლის მობილიზებისკენ არის მიმართული, მაგრამ ასევე შექმნის ვითარებას „ქართული ოცნების“ მომხრეების მობილიზებისთვის

დაბრუნებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება, მოლოდინის შექმნა რა თქმა უნდა, საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებისკენ არის მიმართული, მაგრამ თავს ვერ მოვიტყუებთ და გასაგებია, რომ ეს კიდევ ერთხელ შექმნის ვითარებას, როდესაც ასევე „ქართული ოცნების“ მომხრეების და მხარდამჭერების მობილიზება მოხდება, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისვე თქმით, ეს კიდევ ერთხელ გააღრმავებს პოლარიზებას.

„მას აქვს სრული უფლება, დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, ეს არის მისი გადაწყვეტილება, მაგრამ როდის გააკეთებს ამას, რა თქმა უნდა, ეს გავლენას იქონიებს იმ პოლარიზებულ გარემოზე, რაშიც ვართ დღეს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

რაც შეეხება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ცვლის დამოკიდებულებას მის მიმართ, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ზოგადად, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, რის გამოც მას ამჯერადაც ეთანხმება.

„ვიოლა ფონ კრამონი არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი და მეგობარი წლების მანძილზე. ის საკუთარი გადაწყვეტილებებით, განცხადებებით, მოქმედებით, ნაბიჯებით დგას ამ ქვეყნის გვერდით და ყველა მისი განცხადება ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ მას ამჯერადაც ვეთანხმები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.