ვიოლა ფონ კრამონი - მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ცვლის დამოკიდებულებას ჩემ მიმართ, ხან მაქებს, შემდეგ ამორალურს მიწოდებს, ეს მისი სტილია
ვიოლა ფონ კრამონი - მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ცვლის დამოკიდებულებას ჩემ მიმართ, ხან მაქებს, შემდეგ ამორალურს მიწოდებს, ეს მისი სტილია

ჩემი გულწრფელი თხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩაჯდეს ამ თვითმფრინავში და არც კი სცადოს დაბრუნება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოტენციური დაბრუნება საქართველოში არ გამოიწვევს არჩევნების სტანდარტის ამაღლებას და ამასთან, შექმნის ბევრ არასასურველ პროვოკაციას, რაც ევროპარლამენტარის შეფასებით, არჩევნების დღეს არავის სჭირდება.

„საქართველოში პოლარიზაცია უკვე არის ძალიან მაღალი და აფეთქება შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს. და თუ იცი, რა შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება თბილისის აეროპორტში, მაშინ არ მგონია, რომ ვინმეს სჭირდება ახალი არეულობა, პროტესტი, ბოიკოტი, დაკავება ან რამე სხვა. ამ მხრივ ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოს ეს არ სჭირდება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გვჭირდება უფრო მაღალი სტანდარტის არჩევნები, მაგრამ სააკაშვილის პოტენციური დაბრუნება საქართველოში არ გამოიწვევს არჩევნების სტანდარტის ამაღლებას. ეს შექმნის ბევრ არასასურველ პროვოკაციას და რეაქციებს, რაც არჩევნების დღეს არავის სჭირდება. ასე რომ, ჩემი გულწრფელი თხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩაჯდეს ამ თვითმფრინავში და არც კი სცადოს დაბრუნება. ვიცი, რომ მას ამის სურვილი აქვს და მესმის, რომ ეს სამართლიანი სურვილია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ამ მომენტში და არა არჩევნების დღეს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებასაც, რომ „სულ მცირე, ამორალურია, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში“.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ფეისბუქზე გაკეთებულ კომენტარს, გასულ პარასკევს ჩვენ ერთად დავესწარით დისკუსიას და მან დრო გამოიყენა საკუთარი პარტიის წინ წაწევისთვის. ასეთია ცხოვრება. მე ამას გადავიტან. მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ცვლის დამოკიდებულებას ჩემ მიმართ, ხან მაქებს, შემდეგ ამორალურს მიწოდებს. არაფერია სათქმელი. ჯობია ამის იგნორირება. ეს მისი სტილია“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.