ხატია დეკანოიძე - ვერ მივიღეთ პასუხი, რჩება თუ არა პატარა გავრილოვი საკრებულოში
ხატია დეკანოიძე - ვერ მივიღეთ პასუხი, რჩება თუ არა პატარა გავრილოვი საკრებულოში

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან და „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს  წევრებთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთეს.

დეკანოიძის თქმით, მოითხოვეს, გაერიცხათ ერეკლე კუხიანიძე პარტიიდან და საერთოდ გაეშვათ საკრებულოდან, თუ მართლაც ემიჯნება „ქართული ოცნება“  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით მის განცხადებას.

დეკანოიძის განმარტებით, გიორგი ტყემალაძისგან ვერ მიიღეს პასუხი, რჩება თუ არა ერეკლე კუხიანიძე საკრებულოში.

„ჩვენ ერთადერთი მოთხოვნით შევედით საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომ როცა ამბობენ, ემიჯნებიან კუხიანიძის განცხადებას, გარიცხონ  პარტიიდან, დაატოვებინონ მანდატი, საერთოდ გააგდონ საკრებულოდან ერეკლე კუხიანიძე. ადამიანი, რომელმაც შეურაცხყო ვაჟა გაფრინდაშვილი, ის ადამიანი, რომელიც არის ახლა ოკუპანტების ტყვეობაში. თუ ამას არ იზამენ, მაშინ ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ლეგიტიმაცია იმის, რომ ოკუპანტებმა აიყვანეს ტყვედ ვაჟა გაფრინდაშვილი. სიმართლე გითხრათ, მე ვერ გავიგე, რა პასუხი ჰქონდათ. ამბობენ, რომ უმრავლესობის სხდომა უნდა ჩატარდეს, შევთავაზეთ, აქ ვართ, ჩაატარეთ სხდომა. პასუხი ვერ მივიღეთ, რჩება თუ არა პატარა გავრილოვი საკრებულოში“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი პარტიული დაპირისპირების თემას სცდება.

„ყველა უნდა თანხმდებოდეს იმაზე, რომ ვაჟა ექიმის შეურაცხყოფა მიუღებელია“ ,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარია ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძის გარიცხვასთან დაკავშირებით პირადი პოზიციის დაფიქსირებას მოერიდნენ და მხოლოდ ის თქვეს, რომ კუხიანიძის განცხადებას ემიჯნებიან.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.