ხატია დეკანოიძე - თეა წულუკიანს თუ ჰგონია, რომ ჩვენი პარტიის დაფინანსების მიღებაზე ვზრუნავთ, ბოლომდე არ ესმის, რასთან აქვს საქმე
ხატია დეკანოიძე - თეა წულუკიანს თუ ჰგონია, რომ ჩვენი პარტიის დაფინანსების მიღებაზე ვზრუნავთ, ბოლომდე არ ესმის, რასთან აქვს საქმე

თეა წულუკიანს თუ ჰგონია, რომ ვზრუნავთ იმაზე, ჩვენი პარტია მიიღებს თუ არა დაფინანსებას, კიდევ ბოლომდე არ ესმის, რასთან აქვს საქმე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე „ქართული ოცნების“ წევრ თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც,  პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტს გამოუცხადებენ პარლამენტს, ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ უნდა მიიღონ.

„თუ ჰგონია, რომ ჩვენ, პარტიები და თითოეული ადამიანი, ლიდერები ვინც ვართ, ვისაც გვაწუხებს, ბევრისგან განსხვავებით ხელისუფლებაში, რომ ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სხვა მომავალი, ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი პარტია მიიღებს თუ არა დაფინანსებას, მგონი, წულუკიანს ბოლომდე არ ესმის კიდევ რასთან აქვს საქმე. ჩვენ პარტიული დაფინანსებისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფალი და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები და გამჭირვალე ცესკო-ს ადმინისტრაცია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

აქვე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი „ნაცმოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების ბარიერგადალახულ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილების შესახებ სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძის ინიციატივას გამოეხმაურა.

„მე არ ვიცოდი ეს თუ წულუკიანის განცხადება იყო, მე ვიცოდი ეს მორიგი ექსპერტი და იურისტი უგრეხელიძე გამოიყვანეს გუშინ და ის ასაუბრეს. მე „ქართულ ოცნებასთან“ არგუმენტაციაში დემოკრატიასთან დაკავშირებით ვერ შევალ, რადგან პირველი დემოკრატიის პრინციპია დარღვეული, რომ ყველა ერთ ადამიანს ემსახურება. ეს არის ყველანაირი წესის დარღვევა. რას ნიშნავს გადაუნაწილო ხმები?

არალეგიტიმურ პარლამენტში როგორ მოიქცევა ქართული ოცნება, პარლამენტში, რომელსაც არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს საქართველოს მოქალაქეებისგან, ეს არ არის გადამწყვეტი. მთავარი არის ის, რომ ხვალ მოვიდეს ბევრი ხალხი, გავაპროტესტოთ და ჩვენი პროტესტით მოვიპოვოთ ახალი არჩევნების დანიშვნა. ამიტომ, უგრეხელიძე წულუკიანთან ერთად რას იტყვის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა დეკანოიძემ.