ხატია დეკანოიძე - სავარაუდოდ „ქართულ ოცნებას“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციაზე გიორგი კალანდარიშვილის დანიშვნა უნდა, რაც საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობას შეამცირებს
ხატია დეკანოიძე - სავარაუდოდ „ქართულ ოცნებას“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციაზე გიორგი კალანდარიშვილის დანიშვნა უნდა, რაც საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობას შეამცირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საკონკურსო კომისიის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობისთვის შერჩეული კანდიდატები ნდობას არ იმსახურებენ.

მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს შორის რამდენიმე კანდიდატი სრულიად მიუკერძოებელი იყო, თუმცა საკონკურსო კომისიამ ეს არ გაითვალისწინა.

„ეს ადამიანები ნდობას არ იმსახურებენ, რადგან ცესკო-ში უკვე არსებულ კლანთან დაახლოებულ პირებს წარმოადგენენ. რამდენიმე ადამიანი იყო, რომლებიც პოლიტიკურად სრულიად მიუკერძოებლები იყვნენ, მათ შორის კომისიის წევრებად და თავმჯდომარეობის კანდიდატებად. ეს საკონკურსო კომისიამ არ გაითვალისწინა. ჩვენი მოსაზრება არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებას სრულიად ეთანხმება. სავარაუდოდ „ქართულ ოცნებას“ გიორგი კალანდარიშვილის დანიშვნა უნდა, რაც ნდობას შეამცირებს. შეთანხმების მონუმენტი იყო, რომ ამ პროცესის მიმართ ნდობა გაზრდილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ იმავე გზებს დაადგა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულებულია. საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია.

კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

შეთავაზებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს ის პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად, მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.