ხატია დეკანოიძე - საქართველოში ჰაკერების ჯგუფი ოპერირებს, ამის შესახებ სუს-მა არაფერი იცის ან რუსული ჰიბრიდული ომისთვის ქვეყნის პლატფორმად გადაქცევას უწყობს ხელს
ხატია დეკანოიძე - საქართველოში ჰაკერების ჯგუფი ოპერირებს, ამის შესახებ სუს-მა არაფერი იცის ან რუსული ჰიბრიდული ომისთვის ქვეყნის პლატფორმად გადაქცევას უწყობს ხელს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოში ჰაკერების ჯგუფი ოპერირებს, რის შესახებაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ან არაფერი იცის, ან რუსული ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს პლატფორმად გადაქცევას ხელს მიზანმიმართულად უწყობს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხატია დეკანოიძე ბრიტანული გამოცემის, „დეილი მეილის“ სტატიას გამოეხმაურა.

დეკანოიძის თქმით, სტატიაში საქართველოსთვის მეტად საგანგაშო ინფორმაციაა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კრემლთან და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერების ჯგუფი საქართველოდან ოპერირებენ და ამ ჯგუფმა შეაღწია ბრიტანულ კვლევით ორგანიზაციებში, მოიპარეს ბევრი მასალა, რომელიც უკავშირდება პირად, სადაზღვევო ინფორმაციებს და „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მიმართულ კვლევებს. ანუ, ვაქცინაზე დაკავშირებულ კვლევას.

„ჰიბრიდული ომი, რომელსაც დასავლეთისა და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ პუტინი, კრემლი, რუსული სპეცსამსახურები აწარმოებენ, ზუსტად ასეთ და მსგავს მეთოდებს იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანების ცნობიერებაში შეაღწიონ, ინფორმაცია მოიპოვონ, დეზინფორმაცია გაავრცელონ და ეს ინფორმაცია გამოიყენონ, როგორც პროპაგანდა. ჰიბრიდული ომი მნიშვნელოვანი გამოწვევა და საფრთხეა ცივილიზებული სამყაროსთვის. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც გამოცემა ზუსტად მიუთითებს, რომ ჰაკერების ჯგუფი მუშაობდა საქართველოდან. რას ნიშნავს, ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ სამწუხაროდ, ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ პლატფორმად უკანასკნელ პერიოდში გადაიქცა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ეროვნული ინტერესების დაზიანება, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების დაზიანება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სახელმწიფო, რომელმაც უნდა აღკვეთოს მსგავსი ქმედებები და რომელიც საქმის კურსში უნდა იყოს, რომ ყოველდღიურად საქართველოდან ხორციელდება მსგავსი ქმედებები, არათუ არაფერს აკეთებს, არამედ პირდაპირ აფინანსებს, მაგალითად, ანტიდასავლურ პროპაგანდას“, – განაცხადა დეკანოიძემ.