ხატია დეკანოიძე -"ქართულ ოცნებასთან" მართლმსაჯულების საკითხებზე საუბარი წყლის ნაყვად მეჩვენება
ხატია დეკანოიძე -"ქართულ ოცნებასთან" მართლმსაჯულების საკითხებზე საუბარი წყლის ნაყვად მეჩვენება

გირგვლიანის თემით პოლიტიკური პინგ-პონგი და ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს,- ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ პრეზიდენტის შეთავაზების კომენტირებისას გააკეთა. დეკანოიძეს მმართველ გუნდთან მართლმსაჯულების საკითხებზე საუბარი, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, “წყლის ნაყვად” მიაჩნია.

“იმის მაგივრად, რომ ადამიანების ბედით დაინტერესდენ, დიდი ტრაგედიით სპეკულირებენ. “ქართულ ოცნებასთან” მართლმსაჯულების საკითხებზე საუბარი წყლის ნაყვად მეჩვენება. ვინაიდან ვერაფერს აკეთებენ, წინა პლანზე იმ საკითხებს წევენ, რომელიც ბოლო 12 წელია საზოგადოებაში მუსირებს. ეს პოლიტიკური პინგ-პონგი გირგვლიანის თემის  – ერთი ბურთი მე გადმოგიგდე, მეორე შენ გადმომიგდე, – ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ქვეყნის მოსახლეობას როდესაც არაფერს სთავაზობენ, ასეთი თემებით სპეკულირებას იწყებენ. არ ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებას” რამე მართლმსაჯულების კუთხით უნდა შევთავაზოთ, ძალას, რომელმაც მაჩალიკაშვილი ადგილზე მოკლა და მუხთარლი გაიტაცა. ეს ის ძალაა, რომელსაც მურუსიძე, ჩინჩალაძე, ზარდიაშვილი და ყველა ეს ადამიანი მართლმსაჯულების ოქროს გასაღებად ჰყავს. ეს პოლიტიკური სპეკულაციებია, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს”, – განაცხადა დეკანოიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე,  ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს.

როგორც ცნობილია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იწყებს მუშაობას პროექტზე, სახელწოდებით „გირგვლიანის შესწორებები“.