ხატია დეკანოიძე - პრობლემის ძებნას ჰგავს იმის თქმა, რომ ვიღაც ერთიანობას პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობის შეთანხმების ჩასაშლელად სთავაზობს
ხატია დეკანოიძე - პრობლემის ძებნას ჰგავს იმის თქმა, რომ ვიღაც ერთიანობას პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობის შეთანხმების ჩასაშლელად სთავაზობს

მიკვირს, რატომ ეძებენ პრობლემას იქ, სადაც რეალურად არ არის, ცოტა გაუგებარია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციური პარტიებისადმი ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოწოდებასთან და ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების განცხადებებთან დაკავშირებით.

დეკანოიძის შეფასებით, სააკაშვილის მიერ შეთავაზებული იდეა, რაც შეიძლება მეტი კონსენსუსისკენ არის მიმართული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანობის, კონსენსუსის და ინტეგრაციის იდეით დღეს არ გამოსულა, ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, როდესაც სხვადასხვა სუბიექტებთან ერთად, ერთიანი კანდიდატი გვყავდა. ასევე მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით ვთქვით, რომ ამხელა, დიდი პარტიიდან იქნებოდა მხოლოდ ორი მაჟორიტარული ოლქი. ეს იდეა, რომელიც შემოთავაზებულია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ასევე არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი კონსენსუსი ყოფილიყო. ჩვენი გულწრფელი მოსაზრება არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი იდეა უნდა იყოს მთავარი, ყოველგვარი ტექნიკური გადანაწილების გარეშე დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი. იმის თქმა, რომ ვიღაც სთავაზობს ერთიანობას პოლიტიკურ სპექტრს, რათა შემდეგ ერთიანობის შეთანხმება ჩაიშალოს, ცოტა მეჩვენება, რომ პრობლემის ძებნას და ძიებას უფრო ჰგავს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ღიაა დისკუსიისთვის, მას ყველაზე დიდი ამომრჩეველთა პლატფორმა აქვს. შესაბამისად, ერთიანობა შეიძლება, დათმობაც კი გამოვიდეს.

„ჩვენ ღია ვართ ყოველგვარი დისკუსიისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია. ჩვენ ყველაზე დიდი ამომრჩეველთა პლატფორმა გვაქვს. შესაბამისად, ეს ერთიანობა შეიძლება, დათმობაც კი გამოვიდეს რაღაც კონფიგურაციის ნაწილში. ვფიქრობ, თუ ეს დისკუსია გაიხსნება და ამაში საჯაროდ ჩაერთვებიან პარტიები, საკმაოდ საინტერესო კონფიგურაცია შეგვიძლია, მივიღოთ პოლიტიკური სპექტრის. არც იმაში ვხედავ საგანგაშოს, რომ ვიღაც თანხმდება, ვიღაც არ თანხმდება, ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარ პრინციპზე თუ შევთანხმდებით და ეს არის ქვეყნის გადარჩენა და ჩრდილოვანი რეჟიმის ჩამოცილება ძალაუფლებიდან, ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად დამარცხებულია არჩევნებში. ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც აუცილებელია, ეს არის, რომ არავინ, არც ერთმა პოლიტიკურმა სპექტრმა, თუ ცალ-ცალკე წავალთ, არ უნდა შეუქმნას უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში, ესეც ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომელიც რაღაც ფორმით შეიძლება, დადეკლარირდეს კიდეც“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.