ხატია დეკანოიძე - პარალელური დათვლის შედეგები გაყალბების არგუმენტად არასდროს მოგვიყვანია
ხატია დეკანოიძე - პარალელური დათვლის შედეგები გაყალბების არგუმენტად არასდროს მოგვიყვანია

მოლაპარაკებების პროცესზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა რასაც შეუძლია, მოახდინოს, ეს არის ის, თუ რა კომპრომისით მოვა „ქართული ოცნება“, ხელისუფლება ამ მოლაპარაკებებზე, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და დიდი კომპრომისის სივრცე აქვს სწორედ ხელისუფლებას ამ მოლაპარაკებებზე.

„ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ იქნება კეთილგონიერება ოდნავ მაინც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ კომპრომისი და შეთანხმება მოხდეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მოლაპარაკებები შეიძლება, პოზიტიურად წარიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ისაუბრებს შანტაჟის, მუქარის ენით, რეგისტრაციის ჩახსნით და ფინანსური რესურსის შეწყვეტით დაგვემუქრება, რა თქმა უნდა, ეს ნეგატიურად იმოქმედებს მოლაპარაკებებზე.

თუმცა არასდროს არ გვითქვამს, რომ რაიმე სახით მოლაპარაკებებს ვწყვეტთ. პირიქით, ვამბობდით, რომ მივიღებთ მონაწილეობას მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები არასოდეს მოუყვანიათ გაყალბების არგუმენტად.

„რაც შეეხება პარალელურ დათვლას, ჩვენ არასდროს არ მოგვიყვანია გაყალბების არგუმენტად პარალელური დათვლის შედეგები. უფრო მეტსაც გეტყვით, 8%-ანი დისბალანსი, რომელიც ოქმებში არსებობდა, ეს დისბალანსი არსად არ გამქრალა. ის დარღვევები, რომელიც „ისფედმა“ ასახა, საერთოდ არსად არ დაკარგულა. ისევ ანგარიშშია, როგორც იყო. ამიტომ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია და ზოგადად, რაიმე სახით რეპუტაციის განადგურება, რა თქმა უნდა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს აწყობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს რეპუტაცია აღდგეს, ისეთივე მდგრადი იყოს, როგორიც იყო. დღეს მნიშვნელოვანი პროცესები მოხდა ამ კუთხით. მათ შორის ბორდის გადაწყვეტილება, ასევე ქალბატონი ელენე ნიჟარაძის განცხადება. მე ერთ მოთხოვნას დავამატებდი, გამოიძიონ საგამოძიებო ორგანოებმა, „ქართულმა ოცნებამ“ როგორ გაიგო ფორმულაში არსებული შეცდომის შესახებ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.