ხატია დეკანოიძე - მხოლოდ ის ვიცი, რაც გავრცელდა საჯაროდ, რომ სააკაშვილი აღარ არის კონტაქტზე, თუ რამეს გავიგებ, შეგატყობინებთ
ხატია დეკანოიძე - მხოლოდ ის ვიცი, რაც გავრცელდა საჯაროდ, რომ სააკაშვილი აღარ არის კონტაქტზე, თუ რამეს გავიგებ, შეგატყობინებთ

მეც მხოლოდ ის ვიცი, რაც გამოაცხადეს, რომ აღარ არის კონტაქტზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ რაიმეს გაიგებს, საზოგადოებას აცნობებს.

„სად არის, არ ვიცით, რასაც ამბობს მიშას დედა, ერთდერთი ეგ ვიცი. მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ იცით და გაჟღერდა საჯაროდ, რომ ვერტმფრენი დაეშვა. თუ რამეს გავიგებ, აუცილებლად შეგატყობინებთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სავარაუდოდ სააკაშვილი ციხიდან გაიყვანეს, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, სად წაიყვანეს ის. გიული ალასანიას ვარაუდით, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებენ სწორედ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში აღარ იმყოფება.

„იმიტომ ვერ შევდივართ, რომ არ არის, როგორც ჩანს, სადღაც გაიყვანეს. ინფორმაცია არ მაქვს, ჩანს, რომ არ არის. შეიკრიბა კონსილიუმი, რომლებმაც დაწერეს, რაც საჭიროა, რომ უნდა გადაყვანილიყო მრავალფუნქციურ საავადმყოფოში და ა.შ. მე არ ვიცი, არ წამიკითხავს დოკუმენტი, მაგრამ ამასობაში ყველაფრის იგნორირებით – უფლებების, ადამიანის უფლებების, კონსილიუმის გადაწყვეტილების და ა.შ. თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს, ეს არის ჩემი აზრი. გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ როგორც გაირკვა და შემდეგ გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. ორი საათიდან ვიცდით და პასუხი არ გვაქვს, არ არის ადამიანი, მორჩა, წაიყვანეს ალბათ. ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და შემდეგ, როგორც ჩანს, ვერტმფრენში ჩასვეს, სად წაიყვანეს, არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.