ხატია დეკანოიძე - სახელწოდება „შავ სიებთან“ დაკავშირებით გარკვეულწილად ფრთხილი ვიქნებოდი 
ხატია დეკანოიძე - სახელწოდება „შავ სიებთან“ დაკავშირებით გარკვეულწილად ფრთხილი ვიქნებოდი 

ინიციატივა, რომ დადგინდეს იმ პირების ვინაობა, ვინც ნამდვილად არღვევს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული ქვეყნებისთვის ახალი მოცემულობა არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ე.წ. შავის სიის შექმნას უკავშირდება.

„ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დასავლურ სამყაროს, ამერიკას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუდგენია იმ პირების, მათ შორის მოსამართლეების, სამართლებრივი უწყების წარმომადგენლების ვინაობა და დაუწესებია სანქციები. გარკვეულწილად ფრთხილი ვიქნებოდი სახელწოდება შავ სიებთან დაკავშირებით. ეს ალბათ გულისხმობს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან იმუშაოს. იგივე იურისტებმა, საპარლამენტო კომისიებმა პოლიტიკურ პარტიებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვიმუშაოთ, რადგან მიტაცებული ინსტიტუტების მიერ აქტიურად ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში. ალბათ ამ კუთხით რომ გავშალოთ, უფრო მართებული იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება პერსონალური სანქციების საკითხს, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც ადამიანების უფლებების დარღვევისთვის, მათ შორის მოსამართლეების მიმართ სანქციებს აწესებენ.

„რაც შეეხება სანქციების წარმოშობას, მჯერა და არაერთი გვინახავს, როდესაც აშშ-ს, მათ შორის  მოსამართლეებისთვის დაუწესებია სანქციები ადამიანების მიმართ, ვინც არღვევს უფლებებს. სრულიად რეალურად მიმაჩნია სანქციების დაწესება მოსამართლეებისთვის. ამასთან დაკავშირებით განცხადებებიც არსებობს, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ მძიმე მოცემულობაა სასამართლო სისტემაში. ამიტომ ასეთი განცხსადებების შემდეგ, რაც კეთდებოდა მოლდოვასთან, უკრაინასთან მიმართებით, იცით, რომ აშშ-ის მიერ უკრაინაში დაწესდა სანქციები აქტიური მოსამართლეების მიმართ, ამ მიმართულებით მუშაობას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.