ხატია დეკანოიძე - გიგი უგულავას საკითხი არის პოლიტიკური მართლმსაჯულების მახინჯი ფორმით აღსრულების მაგალითი
ხატია დეკანოიძე - გიგი უგულავას საკითხი არის პოლიტიკური მართლმსაჯულების მახინჯი ფორმით აღსრულების მაგალითი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას საკითხზე ევროპარლამენტის მისიის საქართველოში გამოგზავნაზე კონკრეტული ინფორმაცია ევროპელი პარტნიორების მხრიდან ჯერ არ გააჩნია.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის მისიის საქართველოში გამოგზავნის საკითხზე მან მხოლოდ ქართველი დეპუტატების მხრიდან მოისმინა.

„2013 წელს, მათ შორის ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია ახორციელებდა სწორედ ამ სამართლებრივი საკითხების შესწავლას. იყო რეკომენდაციები, მაგრამ არცერთი რეკომენდაცია ამ კუთხით გათვალისწინებული არ ყოფილა. უშუალოდ ჩვენ, კონკრეტული ინფორმაცია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ჯერ არ ვიცით. თუ ასეთი ფორმატი შეიქმნება, რაც ჯერ არ შექმნილა და ამასთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ რამდენიმე პარლამენტის წევრმა გააკეთა განცხადება, კი ბატონო, შეისწავლონ. დარღვევები, რომელიც არსებობს მხოლოდ ოპოზიციას და თავისუფალ მედიას ან იურისტებს არ დაუდგენია საქართველოში. ეს დარღვევები დაადასტურა, მათ შორის კონგრესის, ამერიკის წარმომაგდენლობითმა ორგანოებმა. ასევე დღეს გავრცელდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების განცხადება სტრასბურგიდან და ბრიუსელიდან. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ დარღვევები კი არა პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება და გიგი უგულავას საკითხი არის პირდაპირ პოლიტიკური მართლმსაჯულების ძალიან მახინჯი ფორმით აღსრულების მაგალითი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

​რაც შეეხება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს, დეკანოიძემ განაცხადა, რომ გიგი უგულავას დაკავების შემდეგ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების ჩატარების სურვილი არ ჰქონია.

„ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური მართლმსაჯულებით ძალადობის განხორციელება ოპოზიციურ ლიდერებზე მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაშინ, როდესაც პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოსულიყო ჩვენი ქვეყანა, რასაკვირველია მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ივანიშვილს არანაირი სურვილი არ ჰქონდა ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების. ამიტომ ეს ჰგავს დამნაშავეებთან რაღაც მოლაპარაკებების ციკლში შესვლას. ჩვენ გასაგებად ვთქვით, რომ როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით სამართლიან საარჩევნო სისტემაზე, სწორედ მაშინ დააკავეს გიგი უგულავა. მის მიმართ აღსრულდა მახინჯი ფორმით კანონი და ეს იყო პოლიტიკური მართლმსაჯულება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საქართველოს მოქალაქეების ნება – პროპორციული საარჩევნო სამართლიანი სისტემა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ყველა იმ ადამიანზე, ვინც არის კრიტიკულად განწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ და ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლოშია გადატანილი მთელი პროცესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობები იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად ნორმალური არჩევნები. თუ ეს წინაპირობები არ იქნება დაკმაყოფილებული და როგორც ჩანს, ამის არანაირი მცდელობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ არის, მაშინ, რასაკვირველია, ამ დამნაშავეებთან მოლაპარაკებებს არანაირი აზრი არ აქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივან, დეპუტატ ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში იმყოფება.

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.