ხატია დეკანოიძე - დეკლარაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა თუ იქნება, მათ საჯაროდ განმარტების გაკეთება მოუწევთ
ხატია დეკანოიძე - დეკლარაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა თუ იქნება, მათ საჯაროდ განმარტების გაკეთება მოუწევთ

ოპოზიციური პარტიების დეკლარაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმე სახით დათმობაზე წავიდეთ „ქართულ ოცნებასთან“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული დეკლარაციის შესახებ  საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი დეკლარაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მხრიდან გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მათ განმარტების გაკეთება მოუწევთ.

„ვფიქრობ და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოსაზრება არის შემდეგი, რომ ეს დეკლარაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის სერიოზული წითელი ხაზის არსებობასთან მიმართებით, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, არავინ არ შეუქმნას ბიძინა ივანიშვილს კოალიცია მომავალ პარლამენტში. ჩვენ ეს გავაჟღერეთ ძალიან დიდი ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ, მათ შორის ჩემი მხრიდანაც იყო ეს გაცხადებული და ძალიან მიხარია, რომ პროდასავლური ოპოზიციის ძალიან დიდი სპექტრი და ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელიც მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის არის მთავარი საფრთხე, გაერთიანდნენ ამ დეკლარაციის ქოლგის ქვეშ.

ძალიან კარგია და ვფიქრობ, პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მათ შორის წინასაარჩევნოდ, არის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც ყველას მიერ იქნება დეკლარირებული მსგავსი კოალიციის არშექმნის პირობა. მთავრობასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის იმის მომხრე, რომ ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს ვცეთ პატივი. ამომრჩევლის გადასაწყვეტია, ვინ იქნება კოალიციურ მთავრობაში ანუ პარლამენტში, ვინ იქნება წარმოდგენილი ჩვენი მოქალაქეების ნების დადასტურების შემდეგ. რაც შეეხება ამ დეკლარაციას და მათ შორის საარჩევნო ხმების დაცვის კუთხით არსებულ დეკლარაციას, ძალიან მნიშვნელოვანია ესეც, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახით დათმობაზე წავიდეთ „ქართულ ოცნებასთან“. ეს დეკლარაცია არის უბრალოდ მნიშვნელოვანი პრინციპის დაფიქსირება ყველა პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი საფრთხე ამ ქვეყნისთვის. აზრთა სხვადასხვაობა ჯერ არ მომისმენია. ყველა ლიდერი, რომელიც იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ღიად აფიქსირებს ამასთან დაკავშირებით თავის პოზიციას და ეს ძალიან კარგია. თუ იქნება გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, მათ მოუწევთ საჯაროდ იმის განმარტება, რატომ არ შეუერთდნენ ამ დეკლარაციას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.