ხატია დეკანოიძე - დავით არახამიას სრულიად ვეთანხმები, დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიანი გადაბარებით არა, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს
ხატია დეკანოიძე - დავით არახამიას სრულიად ვეთანხმები, დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიანი გადაბარებით არა, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს

დავით არახამიას სრულიად ვეთანხმები, დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიანი გადაბარებით არა, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დავით არახამია იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება და იცავს ევროპის უსაფრთხოებას და მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, თუ რა პოზიცია დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ. მას სრულიად ვეთანხმები – დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს. მთავარია, გვესმოდეს უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოს ხელისუფლება ვის მხარეს დადგა. სამწუხაროდ, საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ დგას“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელსაც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ, ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

„თუ რამემ შელახა საქართველოს იმიჯი, როგორც სანდო პარტნიორის, ეს არის ხელისუფლება და მისი დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებაში, როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ პარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაიწერა რუსეთის ფედერაციის აგრესია, პრეზიდენტ ზელენსკის არ მიეცა პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა. მათ შორის, იყო ანტი-უკრაინული განცხადებები. მთელი ეს პროპაგანდა აგებულია იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და სურს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ნაწილი იყო, სურს ომი. საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით წარმოიქმნა, როგორც საფრთხე უკრაინის გამარჯვებისთვის. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელსაც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ, ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც“.

მან ასევე აღნიშნა: „მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით, ჩემთვის სულერთია, რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია, პრორუსი არ იყოს“.

ამავდროულად, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა, ხალხი მას მაინც გააგდებს, ეს უკვე შეიძლება, მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით“.