ხატია დეკანოიძე -  არავითარ საბაბს, მიზეზს, მცირე მანევრირების საშუალებასაც კი არ დავუტოვებთ ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს
ხატია დეკანოიძე - არავითარ საბაბს, მიზეზს, მცირე მანევრირების საშუალებასაც კი არ დავუტოვებთ ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს

აქციების მოდიფიცირება არის საერთო გადაწყვეტილება. ჩვენ არავითარ საბაბს, მიზეზს, მცირე მანევრირების საშუალებასაც კი არ დავუტოვებთ ხელისუფლებას, რომ განავითაროს რიტორიკა და ჩაშალოს მოლაპარაკებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოდიფიცირება აქციების გაუქმებას არ ნიშნავს. ამასთან, როგორც დეკანოიძე ამბობს, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე საქართველოს ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.

ხატია დეკანოიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კომპრომისზე არ წავა, მაშინ ეს ევროატლანტიკური კურსის სერიოზულ ცვლილებად ჩაითვლება.

დეკანოიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება.

„ბატონი მიშელის მიერ დატოვებულია ექვსპუნქტიანი გეგმა იმ დათქმით, რომ 16-ში ასოცირების სხდომაზე ყველა პუნქტზე უნდა იყოს კონკრეტული შეთანხმება. ჩვენ ვიქცევით, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქციები უქმდება. ხვალინდელი აქცია იქნება სამანქანო. გარდა ამისა, პარლამენტის წინ კარვებში მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტების ძალიან მწვავე პროტესტი. ვფიქრობ, გარკვეული მოდიფიკაცია მოხდება იმ აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც დაგეგმილი გვქონდა შსს-სთან და სასამართლოსთან.

რაც შეეხება 13 მარტის აქციას, ბატონი მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუნქტიან ჩარჩოშეთანხმებაზე 16-ში საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდებიან კონკრეტულ ნაბიჯებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ჩავიდა სრულიად ხელცარიელი და არ წარადგინა მთავარ სასიცოცხლო პუნქტებზე წინსვლა და მნიშვნელოვანი კომპრომისი, ვგულისხმობ ვადამდელ არჩევნებს, ასევე ნიკას და გიორგის გათავისუფლებას, მაშინ ჩვენ მიერ ეს ჩაითვლება ევროატლანტიკური კურსის სერიოზულ ცვლილებად. შესაბამისად, ეს იყო მიზეზი, რომ ჩვენ დიდი აქცია 13-დან 20-ში გადავიტანეთ. აქცია უკვე 20 მარტს ჩატარდება, მანამდე კი იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმება შედგება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციაში განაცხადეს, რომ ხვალ კანცელარიასთან აქციის ნაცვლად მსვლელობა გაიმართება, ხოლო 13 მარტისთვის დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო.