ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ირაკლი დეკანოიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს
ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ირაკლი დეკანოიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, ლარისა ჩადუნელის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

ირაკლი დეკანოიძეს ბრალი ოფიციალურად შსს-ს გორის პოლიციის სამმართველოში დღეს წარუდგინეს.

„ბრალის წარდგენა მოხდა. ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ. მას აქვს ორი მუხლი წაყენებული ეს არის 109-ე მუხლი და 236-ე მუხლი. 236-ე მუხლში ცნობს თავს დამნაშავედ. რაც შეეხება 109-ე მუხლს, განზრახ მკვლელობას, თავს არ ცნობს დამნაშავედ, რადგან ამის განზრახვა არ ჰქონია ანუ მკვლელობის განზრახვა. მას უნდოდა, შელაპარაკებიდან გამომდინარე, სხეულის დაზიანება მიეყენებინა მისთვის. რაც შეეხება შელაპარაკების მიზეზს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამის მიზეზად ასახელებს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც დიდ გავლენას ახდენდა არასრულწლოვან შვილებზე, განსაკუთრებით გოგონაზე და აქედან გამომდინარე, მათი უთანხმოება იყო ამ საკითხთან დაკავშირებით“,- აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატი მესამე პირზე საუბრობს. ლარისა ჩადუნელის ინფორმაციით, როგორც ბრალდებული ამბობს, ის მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებდა.

„მესამე პირზე იყო საუბარი, რომლის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მუქარას. ამ მესამე პირს დეკანოიძე ასახელებს. მის შესახებ გამოძიებისთვის ცნობილია. არ ვიცი, დაკითხული არის თუ არა. იყო მუქარა, რომ თავი დაენებებინა ბავშვებისთვის. ბავშვის ტელეფონზე პასუხობდა უცხო მამაკაცი. შესაბამისად, აი, ეს იყო უთანხმოების მიზეზი, რომ შვილის ტელეფონზე რატომ უნდა ეპასუხა უცხო მამაკაცს. აქედან გამომდინარე, ეს უთანხმოება ყოფილ ცოლ-ქმარს შორის იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით და რომ ამ ყველაფერს შეიძლება სხვა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა. რაც გავაჟღერე, ეს არის ბრალდებულის პოზიცია“,- აცხადებს ადვოკატი.

ხაშურში, 30 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე გუშინ დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.