ხაშურში სტადიონის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება #1TVSPORT
ხაშურში სტადიონის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება #1TVSPORT

მალე საქართველოს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სტადიონი შეემატება – ხაშურში, ცენტრალური „ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ცნობით, მცირედი დეტალებიღა დარჩა და სტადიონი ოფიციალურად გაიხსნება. ამ ეტაპზე, ტრიბუნაზე სკამების მონტაჟი მიმდინარეობს. სკამები ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი, თეთრი ფერის წარწერა „ივერია“ იქნება გამოსახული.

„ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 6 183 407 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და სტადიონის შიდა განათება. ფილებით მოპირკეთდა სტადიონის გარშემო, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ელექტროტაბლო, გარე პერიმეტრზე განათებები, განხორციელდა ტრიბუნაზე შიდა კომუნიკაციებისა და ვენტილაციის სისტემების გამართვა.

ეროვნული ჩემპიონატის დაწყებისთანავე, 1990 წელს, ხაშურში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი ააშენეს, რომელიც პირველი იყო საქართველოში, რომელზეც სრულად ინდივიდუალური სკამები დაამონტაჟეს. მაშინ ხაშურის „ივერიას“ საშინაო არენა, რომელიც გრიგოლ ჯომართიძის სახელობის იყო, 10,000 მაყურებელს იტევდა.

მაგრამ წლების განმავლობაში სტადიონი გავერანდა, ცუდ მდგომარეობაში იყო და მისი განახლება მხოლოდ 2020 წელს გადაწყდა. სტანდარტებით მოწყობილი საფეხბურთო არენის აშენება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ხაშურში და მთლიანად რეგიონში ფეხბურთი რომ განვითარდეს და მისი უფრო მეტი პოპულარიზაცია მოხდეს.