ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მართვით სუნთქვაზე რჩება
ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მართვით სუნთქვაზე რჩება

ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. 30 წლის ქალი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული.

მედიკოსთა ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება. ის მკურნალობას კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს.

ექიმის თქმით, ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდისა და მუცლის არეში.

„პაციენტი ხაშურის სამედიცინო ცენტრიდან გადმოყვანილია ჩვენს კლინიკაში კატასტროფის ბრიგადის მიერ. მოთავსდა ემერჯენსის დეპარტამენტში. არის ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში. არის
ჰემორაგიულ-ტრავმული შოკი. პაციენტი იყო მართვით სუნთქვაზე და ამ ეტაპზეც მართვით სუნთქვაზეა. ჩატარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, დამატებითი სპეციალისტების კონსულტაციები. შემდეგი მკურნალობის მიზნით, პაციენტი გადაყვანილია კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში. განაგრძნობს ინტენსიურ თერაპიას. ზოგადი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე“, – განაცხადა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა სოფო გუდავამ.

ხაშურში რამდენიმე საათის წინ ქმარმა ცოლი დაჭრა. ახალგაზრდა ქალს ქმარი ერთ-ერთ სილამაზის სალონში თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა თვითმხილველების თვალწინ მიაყენა. მამაკაცი დაკავებულია.