ხაშურში მოკლული ქალის და - ჩემს დას ნაკერები ჰქონდა, ყოფილმა სიძემ ჯერ კიდევ ცოლ-ქმრობის პერიოდში რამდენჯერმე სცემა
ხაშურში მოკლული ქალის და - ჩემს დას ნაკერები ჰქონდა, ყოფილმა სიძემ ჯერ კიდევ ცოლ-ქმრობის პერიოდში რამდენჯერმე სცემა

ხაშურში ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის და ირმა გოგოლაძე აცხადებს, რომ მის დაზე მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდშიც ძალადობდა.

როგორც მოკლულის დამ საქართველოს პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, მისი ყოფილი სიძე და და ექვსი წელია, რაც ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მისივე თქმით, სამი წლის წინ მისი და საზღვარგარეთ წავიდა და შვილები ამ დროის მანძილზე მამასთან იმყოფებოდნენ.

„მამამ თვითონ გამოთქვა სურვილი, სჯობს ჩემთან იყვნენ ვიდრე ბებოსთანო. ნამდვილად პატრონობდა ბავშვებს. ნათიას უნდოდა, ბინის ფული მოეგროვებინა და ჩამოსულიყო. ამ დროს უკვე აღარ ცხოვრობდნენ ერთად. ერთი წლის შემდეგ ცოლს მოსთხოვა მანქანა მიყიდე, ბავშვები წრეებზე ვატაროო. ნათია ამ თანხას ვერ მისცემდა. ამის შემდეგ შეგვიზღუდა ბავშვებთან ურთიერთობა, მეც ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდი. ბავშვებს ტელეფონები წაართვა. ერთს დაუმტვრია, რომ დედასთან არ ჰქონოდათ კონტაქტი. სწორედ ამიტომ მარტში ჩამოვიდა ნათია, ბავშვები წამოვიყვანეთ. მოიბრუნა დედამ შვილები და ირაკლიმ ეს ვერ აიტანა“, – ამბობს მოკლულის და.

მისივე თქმით, დაკავებულს შვილებზე მეურვეობის მიღება სურდა.

შესაგებელი სარჩელი დაწერა, მეურვეობა უნდოდა. ბავშვების წაყვანა სურდა. მიხვდა, რომ ბავშვებს დაკარგავდა, გადაწყვიტა, არც მე და არც მასო. პოლიციისთვის არ მიუმართავს, რომ არ გაეღიზიანებინა უარესად. ცოლ-ქმრობაშიც იყო ძალადობის ფაქტები; რამდენჯერმე სცემა ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში, ტოლჩა ჩაარტყა, ნაკერები ჰქონდა. ხელწერილი ჰქონდა დაწერილი პოლიციაში. მერე წამოვიყვანეთ ჩემი და. ეჭვიანი იყო, საკუთარ ბიძაშვილებზეც კი ეჭვიანობდა,“ – აცხადებს მოკლულის და.

მისივე თქმით, ეს იყო მომზადებული, გამიზნული მკვლელობა.

„ყუმბარები ჰქონდა, იარაღი. დარაჯობდა ნათიას, რომ მარტო ყოფილიყო. ეს იყო გამწარებული კაცის ნამოქმედარი,“ – აცხადებს ირმა გოგალაძე.

ხაშურში, 30 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე დღეს დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.