ხანტი-მანსიისკში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები ხვალ გაიმართება
ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველობისთვის 64 მოჭადრაკე ოლიმპიური სისტემით იბრძოლებს, მათ შორის ხუთი ქართველი დიდოსტატია. ესენი არიან: ბლიცში მსოფლიოს და კლასიკურ ჭადრაკში ევროპის 2017 წლის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სოფიკო ხუხაშვილი.
პირველ ტურის პირველი პარტიები ხვალ გაიმართება:
ნანა ძაგნიძე-იერისბელ მირანდა (კუბა).
ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი)-სოფიკო ხუხაშვილი.
ნინო ბაციაშვილი-ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია).
ლელა ჯავახიშვილი-ჩჟუ ძინერი (ჩინეთი).
ბელა ხოტენაშვილი-ვო თი კიმ ჰუნგი (ვიეტნამი).
დებულების თანახმად მსოფლიო ჩემპიონატი ექვს ეტაპად გაიმართება. მეტოქეები პირველი ხუთი რაუნდის განმავლობაში ორ-ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს, ფინალში კი ოთხჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გამარჯვებულს კლასიკური პარტიები თუ ვერ გამოავლენს, დაინიშნება ჯერ ორი 25-25-წუთიანი პარტია თითოეულ სვლაზე 10-10 წამის დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, ორი 10-10-წუთიანი პარტია 10-10 წამის დამატებით, ორი 5-5-წუთიანი პარტია 3-3 წამის დამეტებით. ბოლოს კი “არმაგედონი” – თეთრებს პარტიისთვის მიეცემა 5, შავებს 4 წუთი, მხოლოდ 61-ე სვლიდან 3-3 წამი სვლაზე. ყაიმის შემთხვევაში გამარჯვებას შავი ფერის ფიგურებით მოასპარეზე მოჭადრაკე მოიპოვებს.
შეჯიბრების საპრიზო ფონდია 450.000 ამერიკული დოლარი. პირველ წრეში დამარცხებული მიიღებს 3.750 დოლარს, II-ში – 5.500-ს, III-ში – 8.000-ს, IV-ში – 12.000-ს, V-ში – 20.000-ს,VI-ში – 30.000-ს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონი 60.000 დოლარით დაჯილდოვდება.