ხაბულიანის დუბლი და საგოლე პასი - „თელავმა“ შეკრებაზე პოლტავის „ვორსკლა“ დაამარცხა #1TVSPORT
ხაბულიანის დუბლი და საგოლე პასი - „თელავმა“ შეკრებაზე პოლტავის „ვორსკლა“ დაამარცხა #1TVSPORT

„თელავმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩი პოლტავის „ვორსკლასთან“ გამართა და 4:2 დაამარცხა.

უკრაინულმა კლუბმა თამაში დამაჯერებლად დაიწყო და პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგო – 2:0. მეორე ნახევარში „თელავმა“ თამაშის გადარჩენა მოახერხა. მოედანზე გიორგი ხაბულიანის შესვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა – 19 წლის თავდამსხმელმა ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა – კიდევ ორი გოლი ედუ პარკინაშვილმა და მაქსიმ მაიროვიჩმა გაიტანეს.

გიორგი ხაბულიანი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრია. მას კონტრაქტი „ლევანტესთან“ აკავშირებს, „თელავში“ კი ექვსთვიანი იჯარით თამაშობს.

„თელავის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თელაველებმა „ვორსკლასთან“ შერეული შემადგენლობით ითამაშეს – მწვრთნელმა თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველა ფეხბურთელს მისცა. აღსანიშნავია, რომ „თელავში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა გუნდის ახალწვეულმა, არგენტინის ნაკრებში ნათამაშებმა ჯინო პერუციმ.