კერსტი კალიულაიდი - ესტონეთისთვის მეორე მსოფლიო ომი 25 წლის წინ დასრულდა, როდესაც რუსეთის ჯარებმა რესპუბლიკის ტერიტორია დატოვეს
ესტონეთისთვის მეორე მსოფლიო ომი 25 წლის წინ დასრულდა, როდესაც 1994 წელს რუსეთის ჯარებმა რესპუბლიკის ტერიტორია დატოვეს, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა ვარშავაში გამართულ მემორიალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებას მიეძღვნა.
„ისტორიის თვალსაზრისით სევდიანი დღეა. ესტონეთისთვის მეორე მსოფლიო ომი ფაქტობრივად 25 წლის წინ დასრულდა, როდესაც ჩვენი ტერიტორია საოკუპაციო ჯარების ტექნიკით დატვირთულმა ბოლო ვაგონებმა დატოვა. ომის დაწყება ჩვენი ხალხისთვის, ერისა და სახელმწიფოსთვის ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ნიშნავდა ტანჯვას, ეკონომიკურ რეგრესსა და თავისუფლების შეზღუდვას“, – აღნიშნა კერსტი კალიულაიდმა.
ბოლო რუსულმა სამხედრო ნაწილმა ესტონეთის ტერიტორია 1994 წლის 31 აგვისტოს დატოვა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება 1-ელ სექტემბერს პოლონეთის დედაქალაქში ჩატარდა. პოლონეთის ხელისუფლებამ ღონისძიებაზე რუსეთი არ დაპატიჟა.