2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო” მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 10 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში იმღერებს.
ამის შესახებ ცნობილი გახდა კენჭისყრაზე, რომელიც ლისაბონში გაიმართა.
კენჭისყრას წინ უძღოდა ოფიციალური ცერემონია, რა დროსაც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ევროვიზიის დროშა და გასაღები ლისაბონის მერს, ფერნანდო მედინას გადაულოცა.
ევროვიზია 2018-ში სულ 43 ქვეყანა მონაწილეობს. აქედან ხუთი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურსანტები, ისევე როგორც მასპინძელი პორტუგალია, საკუთარ ქვეყანას მხოლოდ ფინალურ ეტაპზე წარადგენენ.
რაც შეეხება ხმის მიცემის პროცედურებს, აღნიშნული ექვსი ქვეყნიდან დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და პორტუგალია მონაწილე ქვეყნებს ქულებს პირველი ნახევარფინალის დროს დაუწერენ. საფრანგეთი, იტალია და გერმანია კი მეორე ნახევარფინალში.
ნახევარფინალები 8 და 10 მაისს გაიმართება, სადაც 37 ქვეყნის კონკურსანტს ვიხილავთ. პირველი ნახევარფინალის პირველ ნაწილში ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ისლანდია, ისრაელი და ლიტვა წარდგებიან.
მეორე ნაწილში გამოვლენ სომხეთის, ავსტრიის, ხორვატიის, კვიპროსის, ფინეთი, მაკედონიის, საბერძნეთის, ირლანდიისა და შვეიცარიის კონკურსანტები.
10 მაისს, მეორე ნახევარფინალის პირველ ნაწილში ვიხილავთ – ავსტრალიას, დანიას, ნორვეგიას, მოლდოვას, რუმინეთს, რუსეთს, სან-მარინოს, სერბეთსა და ჰოლანდიას.
მეორე ნაწილში კი – უნგრეთს, საქართველოს, მალტას, მონტენეგროს, ლატვიას, პოლონეთს, სლოვენიას, შვედეთსა და უკრაინას.
ევროვიზია 2018-ის რიგით 63-ე კონკურსი პავილიაუ ატლატიკუს არენაზე გაიმართება. ფინალი 12 მაისს შედგება.
ევროვიზია 2018-ზე საქართველოს ჯგუფი „ირიაო“ წარადგენს. ჯგუფის მუსიკალური ხელმძღვანელი კომპოზიტორი დავით მალაზონიაა, რომელიც 15 წლის განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა.
ჯგუფი ასრულებს უნიკალურ მუსიკას, რომელიც ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ნაზავია.