ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის კოსტიუმების დიზაინერი მეგი გაბუნია, ფოტოგრაფი კი გიორგი ცაავა იქნება
ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის კოსტიუმების დიზაინერი მეგი გაბუნია, ფოტოგრაფი კი გიორგი ცაავა იქნება

ჯგუფ „ირიაოს“ ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის „შენი გულისთვის“ ვიდეორგოლის კოსტიუმების დიზაინერი მეგი გაბუნია, ხოლო ფოტოებს ბეჭდურ და ონლაინ მედიაში განსათავსებლად ფოტოგრაფი გიორგი ცაავა გადაიღებს.

მეგი გაბუნიამ გადაღებისთვის ხუთი განსხვავებული კოსტიუმი შეკერა. დიზაინერმა 2016 წელს საკუთარი ბრენდი „M.G“ შექმნა, რომელიც თანამედროვე და ძველი ქართული სამოსის შტრიხებს აერთიანებს.

2018 წლის 22-26 თებერვალს M.G. მილანში გამართულ White show-ზე წარსდგა.

White Milano მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, საერთაშორისო მოდური სამოსისა და აქსესუარების შოუა, ამიტომ ბრენდისთვის ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

რაც შეეხება გიორგი ცაავას, „ბრავო რექორდსში“ მისი მონაწილეობით შეიქმნა ალბომები: The Shin – „არაჩვეულებრივი გამოფენა“; ოთო ნემსაძე – „ფიქრების ზღვა“, დათო არჩვაძე – „ეს ქალაქია“ და სხვ. 2013 წელს ცაავამ ახალგაზრდული კულტურული ორგანიზაცია GTS დააარსა და  სამი ფოტო პროექტი განახორციელა – „ჩემი პირველი ახალი წელი“, „9“ (მიძღვნილი შშმ ქალბატონებისადმი) და „სოციალური მეწარმეობის დოკუმენტალისტიკა საქართველოში“.

უკანასკნელი ორი პროექტის ფარგლებში გიორგი ცაავას პერსონალური ფოტო გამოფენა მოეწყო.