კელი დეგნანი - ზაზა გახელაძის უკანონო დაკავება გულსატკენი მაგალითია იმისა, თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი საქართველოში
კელი დეგნანი - ზაზა გახელაძის უკანონო დაკავება გულსატკენი მაგალითია იმისა, თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი საქართველოში

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მესაუბრა ზაზას ოჯახთან. ვფიქრობ ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა თამაშს თამაშობს საქართველოში რუსეთი. ამას რეალური შედეგები აქვს ადამიანებზე. ვადასტურებ ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება, უკან გაიწვიოს აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. ეს უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ელჩმა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.