კელი დეგნანი - საზოგადოებრივი მაუწყებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ ჯანსაღ დემოკრატიაში, საზოგადოება მაუწყებლისგან ელოდება, რომ იქნება ობიექტური ინფორმაციისა და განათლების წყარო
კელი დეგნანი - საზოგადოებრივი მაუწყებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ ჯანსაღ დემოკრატიაში, საზოგადოება მაუწყებლისგან ელოდება, რომ იქნება ობიექტური ინფორმაციისა და განათლების წყარო

საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ ჯანსაღ დემოკრატიაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან სასიამოვნო იყო ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილთან და ბატონ გიორგი გვიმრაძესთან შეხვედრა და მათგან საზოგადოებრივი მაუწყებლის გეგმების შესახებ მოსმენა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ ჯანსაღ დემოკრატიაში და საზოგადოებას აწვდის ნეიტრალურ, დაბალანსებულ, ზუსტ ინფორმაციას, ზრუნავს საზოგადოების განათლებაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, მათ შორის, ისტორიასა და კულტურაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მედიასაშუალების პოლარიზება და პოლიტიზება ხდება, საზოგადოება ასეთ დროს საზოგადოებრივი ტელევიზიისგან ელოდება, რომ ის იქნება ობიექტური ინფორმაციისა და განათლების წყარო და მაუწყებელს უმნიშვნელოვანესი მისია აქვს, ვიცი, საქართველოში ამ როლს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პირველ არხს დღეს ესტუმრა. კელი დეგნანი ინტეგრირებულ ნიუსრუმში ჟურნალისტებს გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა სამუშაოს კარგად შესრულებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შეხვდა და მაუწყებლის სტუდიები დაათვალიერა.

დატოვე კომენტარი