კელი დეგნანი - რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს აქტივობები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკების კუთხით
რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს აქტივობები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკების კუთხით, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თემის კომენტირებისას.
კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება მოსახლეობას იმაში, რომ არასწორი ინფორმაცია სინამდვილისგან გაარჩიოს.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ვკითხულობ ახალ ამბებს და ვუსმენ სხვადასხვა გადაცემას, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს რუსეთის ჩარევაზე სხვა ქვეყნების საკითხებში, როგორიც იყო, მაგალითად, ამერიკის არჩევნები, ბრიტანეთში ბრექსიტთან დაკავშირებით, ასევე შოტლანდიის რეფორმებთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, გარკვეულწილად რუსეთმა ჩამოაყალიბა ასეთი სქემა ამ მიმართულებით და საქართველო ნამდვილად არის სამიზნე მისი ამ აქტივობების. თუმცა, ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკებისა და საფრთხეების შესახებ და მათ იციან, რას შეიძლება, ელოდნენ რუსეთისგან.
ამერიკის შეერთებული შტატები ამ მიმართულებით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რომლებიც ეხმარება მოსახლეობას იმაში, რომ მათ შეძლონ, გაარჩიონ არასწორი ინფორმაცია, დეზინფორმაცია ნამდვილი ფაქტებისგან, იქნება ეს ახალი ამბების კითხვისას თუ სხვადასხვა წყაროდან მოწოდებული ინფორმაციის კუთხით. რადგან ასეთი ტიპის დეზინფორმაცია ყოველთვის მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ. ზოგადად, გარემო საქართველოში საკმაოდ პოლარიზებულია და, რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება, რომ გამოიყენოს თავისი აქტივობები დესტაბილიზაციისთვის საქართველოში“, – აცხადებს კელი დეგნანი.