კელი დეგნანი - ჩემი როლი არ მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეულ კატეგორიებს მივაკუთვნო ადამიანები და ვთქვა, ვინ ვინ არის, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული გადაწყვეტილება, დაძაბულობის გასანეიტრალებლად
ჩემი როლი არ მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეულ კატეგორიებს მივაკუთვნო ადამიანები და ვთქვა, ვინ ვინ არის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინ პრესკონფერენციის დროს განაცხადა შეკითხვაზე, რომელიც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხებოდა. ჟურნალისტების შეკითხვის თანახმად, უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებისას ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ისინი არიან არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ პოლიტიკოსი დამნაშავეები და ჟურნალისტები დაინტერესდნენ კელი დეგნანის მოსაზრებით, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ გაათავისუფლებენ გიორგი რურუას.
კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული გადაწყვეტილება დაძაბულობის გასანეიტრალებლად.
„კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი როლი არ მდგომარეობს იმაში, რომ რაღაც გარკვეულ კატეგორიებს მივაკუთვნო ადამიანები და ვთქვა, ვინ ვინ არის. საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული გადაწყვეტილება დაძაბულობის გასანეიტრალებლად და დეპოლარიზაციისთვის. კარგად ჩანდა, რომ მისთვის ეს იყო რთული გადაწყვეტილება. მან ქვეყნის ინტერესები დააყენა თავის პირად ინტერესებზე წინ და ეს ნამდვილად ის არის, როგორც უნდა იქცეოდეს ნამდვილი ლიდერი.
იმედი მაქვს, ეს მოქმედება დაეხმარება, შეიქმნას პირობები სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, რადგან ამ პროცესს დიდი ყურადღებით აკვირდება ყველა და ქვეყანამ უნდა შეძლოს, წარმოაჩინოს თავისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ სანდო, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამასთან, ამავე პრესკონფერენციის დროს გიორგი რურუას საქმეზე დასმულ კიდევ ერთ შეკითხვაზე კელი დეგნანმა განაცხადა: „არ იქნება მართებული, კომენტარი გავაკეთო საქმეზე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს სასამართლოში, ეს არ არის ფასილიტატორების როლი, 8 მარტის შეთანხმება აღარ საჭიროებს დამატებით განმარტებას“.