„კავკასიის უნივერსიტეტი“ – სტუდენტების ინტოქსიკაციაზე ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რამდენიმე სტუდენტი ალკოჰოლური თრობის შედეგად შეუძლოდ გახდა, მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს

14:02, 05.10.2026

უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ „კავკასიის უნივერსიტეტის“ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართული პირველკურსელთა წვეულების შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას.

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის მათ ყველა შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება შსს-ს ოფიციალური განცხადებაც.

მოვუწოდებთ მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და ვარაუდები დადასტურებულ ფაქტებად, რადგან მსგავსი ცნობები უსაფუძვლოდ აზიანებს როგორც სტუდენტების, ისე უნივერსიტეტის რეპუტაციას“- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, „კავკასიის უნივერსიტეტში“, კერძოდ Welcome Party-ზე მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი