კაუპო კანდი - ნებისმიერი სპეკულაცია გამოძიების თუ ჰააგაში სასამართლო პროცესის შედეგთან დაკავშირებით მხოლოდ სპეკულაციაა
ნებისმიერი სპეკულაცია გამოძიების თუ სასამართლო პროცესის შედეგთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მხოლოდ სპეკულაციაა, – ამის შესახებ საქართველოში ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კაუპო კანდმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.
„საქმე ისაა, რომ ჩვენ ახლა გამოძიების ეტაპზე ვიმყოფებით. გამოძიების მიზანია სიმართლის დადგენა. უნდა გავიგოთ, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ეს პროკურორის ოფისის ამოცანაა. გამოძიების, თუ სამართალწარმოების შედეგებთან დაკავშირებით სპეკულაციებს სასამართლო სასურველად არ მიიჩნევს“, – განაცხადა კაუპო კანდმა.
ამ განცხადებით კაუპო კანდმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა შედეგი შეიძლება დადგეს იმ ადამიანებისთვის, ვის მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს და რა იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული მათ მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ეხება კონკრეტულ სამხედროებს კონკრეტულად ეს გამოძიება, რადგან სასამართლოს საქმე აქვს კონკრეტულ პიროვნებებთან და არა ჯგუფებთან, ან ქვეყნებთან და რადგან ეს საკითხი არჩევნების პერიოდში სპეკულაციების მიზეზი გახდა, კაუპო კანდმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლო მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულებზე მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა კონტექსტის პირობებშია ჩადენილი და გარდა ამისა, ის ყურადღებას ამახვილებს ამა თუ იმ დანაშაულში ყველაზე მეტად პასუხისმგებელ პირებზე.
„ეს იქნება ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მძიმე დანაშაულებზე. ისევ კომპლემენტარულობის პრინციპს რომ დავუბრუნდეთ, რომის სტატუტის მიხედვით, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაული ამ წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კაუპო კანდმა.
შეკითხვაზე, რა ინსტრუმენტი აქვს ჰააგის სასამართლოს, რომ რუსეთთან მიმართებაში განაჩენი აღასრულოს და რა ინსტრუმენტი აქვს, ის განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით აიძულოს, თუ ვთქვათ, სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავეები რუსეთის მხრიდან არიან, კაუპო კანდმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ესეც სპეკულაციას წარმოადგენს.
„ესაა სპეკულაცია მტკიცებულებებით. გამოძიება მტკიცებულებებს ეყრდნობა. როგორიც არ უნდა იყოს მტკიცებულება, გამოძიება მასზე დაყრდნობით მიმდინარეობს. ვფიქრობ, ახლა, ამ გადმოსახედიდან, ამით სპეკულირება მეტისმეტად ადრეა. ხაზს გავუსვამდი ერთ გარემოებას, ჰააგის სასამართლოს არ აქვს პოლიციური ძალა. არ აქვს აღმასრულებელი ფუნქცია. რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გვაქვს. გვაქვს თანამშრომლობა წევრ ქვეყნებთან, ვთანამშრომლობთ არაწევრ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა, რომელიც ჰააგის სასამართლოს ეხმარება, თავისი მისია შეასრულოს, მსხვერპლთათვის სამართალი აღასრულოს, დაუსჯელი არ დატოვოს ყველაზე სერიოზული დანაშაულები, რომლებიც კონფლიქტისას, ან მის შემდეგ ჩაიდინეს. ჩვენ მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაქვს და ამისთვის, როგორც წევრი, ასევე არაწევრი ქვეყნების მადლიერი ვართ“, – განაცხადა კაუპო კანდმა.