კატარი 2022 | ლიონელ მესი - ნიდერლანდებთან მოგება შთამბეჭდავი იყო, ხორვატია კი შესანიშნავი გუნდია #1TVSPORT
კატარი 2022 | ლიონელ მესი - ნიდერლანდებთან მოგება შთამბეჭდავი იყო, ხორვატია კი შესანიშნავი გუნდია #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან გამარჯვების (2:2, 4:3 – პენალტებით) შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ეს გამარჯვება დიდი სიხარული და ბედნიერებაა. არც დამატებითი დრო უნდა ყოფილიყო და არც პენალტების სერია, მაგრამ საკმაოდ გავწვალდით. ამის მიუხედავად, ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდით და ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო“, – განაცხადა მესიმ ეროვნული ნაკრების პრესსამსახურთან საუბრის დროს.

არგენტინელთა ლიდერმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბრაზილიასთან ხორვატიის გამარჯვებაზეც ისაუბრა (1:1, 4:2 – პენალტების სერიაში). ამ ნაკრებს სამხრეთამერიკელები ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.

„ხორვატიამ აჩვენა, რომ შესანიშნავი გუნდია. გარკვეულ მომენტებში ბრაზილიასთან თანაბრად ითამაშა. ეს არის ნაკრები, რომელიც დიდი ხანია მუშაობს ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით და ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ“, – აცხადებს მესი.

ნახევარფინალში არგენტინის ნაკრები ხორვატიას 13 დეკემბერს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.